1805-1809 წლებში მოპოვებული გამარჯვებების შედეგად ნაპოლეონს მიეცა საშუალება შეექმნა დიდი იმპერია რომელიც, მის წარმოდგენაში, აწი უკვე დაშლილი საღვთო რომის იმპერიის ადგილს დაიკავებდა და ევროპის გაერთიანებას დაისახავდა მიზნად. ნაპოლეონის ამ მისწრაფებამ, მიუხედავად იმისა რომ ის ხანმოკლე აღმოჩნდა, დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების და საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში. იმპერიულ რეჟიმს ახასიათებდა როგორც პროგრესული ისე რეაქციული მისწრაფებები, რის გამოც ფრანგი ისტორიკოსი ლუი ბერჟერონი აღნიშნავს რომ “პარადოქსალურია მაგრამ ნაპოლეონი ერთდროულად უსწრებდა და ჩამორჩეოდა თავის დროს, ის ერთდროულად იყო განმანათლებლობის ეპოქის უკანასკნელი დესპოტი და ამავე დროს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი.“